მესამე საფეხური
» პინოკიოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #4)

პინოკიოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #4)

ის-ის იყო, მეთევზეს პინოკიოც ტაფაზე უნდა დაეგდო, რომ გამოქვაბულში შემწვარი თევზის მადის აღმძვრელი სუნით გაბრუებული მოზრდილი ძაღლი შემოვიდა.

- გადი გარეთ! - მუქარით დაუყვირა მეთევზემ, რომელსაც ჯერ ისევ ხელში ეჭირა გაფქვილული თოჯინა.

მაგრამ საბრალო ძაღლს ისეთი შიმშილი ტანჯავდა, ოთხსაც ეყოფოდა, ამიტომაც წკმუტუნებდა და კუდს აქიცინებდა, თითქოს ამბობდა, შემწვარი თევზის ერთი ლუკმა მომიგდე და თავს დაგანებებო.

- გარეთ გადი-მეთქი! - გაუმეორა მეთევზემ და წიხლის ამოსარტყმელად ფეხიც კი ასწია.

მაშინ კი ძაღლმა, რომელსაც მართლა შიოდა და არც ვინმეს ბრძანებების შესრულებას იყო მიჩვეული, ბასრი ეშვები დაკრიჭა და  მეთევზეს შეუღრინა.

სწორედ ამ წამს გამოქვაბულში სუსტი და მიკნავლებული ხმა გაისმა:

- მიშველე, ალიდორო! თუ არ მიშველი, შემწვავენ!

ძაღლმა მაშინვე იცნო პინოკიოს ხმა და ძალიან გაუკვირდა, როცა აღმოაჩინა, რომ ეს ხმა სწორედ იმ გაფქვილული გუნდიდან მოდიოდა, რომელიც მეთევზეს ეჭირა ხელში.

და რა ქნა ნაგაზმა? ადგილიდანვე ისკუპა, პირი დაავლო ფქვილის გუნდას, ფრთხილად ჩასჭიდა კბილები და ელვის სისწრაფით გავარდა გამოქვაბულიდან!

- როგორ გადაგიხადო მადლობა? - ჰკითხა თოჯინამ.

- საჭირო არ არის, - მიუგო ძაღლმა, - ამქვეყნად ყველანი ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ.

პინოკიოს თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: კარლო კოლოდი