მესამე საფეხური
» მიო, ჩემო მიო (ნაწყვეტი #4)

მიო, ჩემო მიო (ნაწყვეტი #4)

პარკში ბინდი იდგა და ცოტათი წვიმდა. გარშემო ყველა  სახლი განათებული იყო. ბენკას ფანჯრიდანაც შუქი გამოდიოდა. ახლა ის დედ-მამასთან ერთად მუხუდოსა და ბლინებს მიირთმევდა. წარმოვიდგინე, რომ იქ სადაც შუქი ენთო, ბავშვები დედებთან და მამებთან ერთად ისხდნენ. გარეთ, სიბნელეში, მხოლოდ მე ვიჯექი. ვიჯექი მარტო, ოქროს ვაშლით ხელში, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდი. არც ის ვიცოდი, რა უნდა მექნა ამ ვაშლით. ფრთხილად გადავდე გვერდზე და თავი ფიქრებს მივეცი.  

შორიახლოს ლამპიონი იდგა. მისი შუქი გვანათებდა მეც და ვაშლსაც. უეცრად მიწაზე რაღაცამ გაიბრწყინა. ეს ჩვეულებრივი ლუდის ბოთლი იყო. რა თქმა უნდა, ცარიელი. ვიღაცას მის ყელში ჯოხის ნატეხი გაეჩხირა. ნამდვილად ერთ-ერთი იმ ბავშვთაგანი იზამდა, თეგნერპარკში შუადღისას რომ თამაშობენ ხოლმე. ბოთლი ავიღე და ეტიკეტი წავიკითხე. „სტოკჰოლმის II ხარისხის ლუდსახდელი“. შევამჩნიე, რომ ბოთლში რაღაც მოძრაობდა.

მიო, ჩემო მიო

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი