მესამე საფეხური
» მიო, ჩემო მიო (ნაწყვეტი #2)

მიო, ჩემო მიო (ნაწყვეტი #2)

იმ დღეს დეიდა ედლამ რამდენჯერმე გამიმეორა, რომ მისი ყველა უბედურების მიზეზი მე ვიყავი. საღამოს ექვსი საათი იქნებოდა, რომ მითხრა დროტნინგათანზე გავქცეულიყავი და საფუნთუშიდან მისი საყვარელი ორცხობილა მომეტანა. მე ჩემი წითელი ქუდი დავიხურე და ქუჩაში გავვარდი.

ხილის მაღაზიასთან რომ მივედი, დავინახე, დეიდა ლუნდინი კარში იდგა. მან ნიკაპზე ხელი მომკიდა და დიდხანს, ძალიან დიდხანს უცნაურად მიცქეროდა. შემდეგ მკითხა:

- გინდა ვაშლი?

- დიახ, თუ შეიძლება, - ვუთხარი მე.

ლამაზი მწიფე ვაშლი მომცა, რომელიც გემრიელი ჩანდა. შემდეგ მკითხა:

- შეგიძლია ჩემ მაგივრად საფოსტო ყუთში ბარათი ჩააგდო?

- დიახ, სიამოვნებით, -  მივუგე მე.

ბარათზე რამდენიმე სტრიქონი დაწერა და მომცა.

- მშვიდობით, ბო ვილჰელმ ულსონ, - დამემშვიდობა დეიდა ლუნდინი, - მშვიდობით, მშვიდობით ბო ვილჰელმ ულსონ!..

საერთოდ, ყოველთვის ბოსეს მეძახდა, ამიტომ ახლა ასე მომართვა უცნაურად მეჩვენა.

მიო, ჩემო მიო

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი