მესამე საფეხური
» ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში (ნაწყვეტი #5)

ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში (ნაწყვეტი #5)

ბანანიტო ყოველგვარი აღელვების გარეშე წარსდგა ყოვლისშემძლე მეფის წინაშე. მშვიდად აძლევდა პასუხს ყველა შეკითხვაზე და თან ათვალიერებდა მშვენიერ ოქროსფერ პარიკს, რომელიც მეფის თავზე ისე ბრწყინავდა, როგორც ბაზარში დახლზე წამოდგმული ფორთოხლით სავსე კალათა.

— რას ათვალიერებ ასე გულმოდგინედ?

— თქვენი თმების სიმშვენიერით ვტკბები, თქვენო უდიდებულესობავ!

— შეძლებ ასეთი თმების დახატვას?

ჯაკომონს გულში იმედი ჩაესახა, ბანანიტო პირდაპირ თავზე დამახატავს ნამდვილ ლამაზ თმებს და მოვისვენებო. საკუთარი თმები მექნება, ძილის წინ პარიკის მოხსნა და კარადაში შენახვა აღარ დამჭირდებაო.

— ასეთი ლამაზი თმების დახატვას, რასაკვირველია, ვერ შევძლებ, — უპასუხა ბანანიტომ. იფიქრა, ასეთი პასუხით ვასიამოვნებო.

გულში ბანანიტოს ეცოდებოდა საწყალი მეფე, ასე ძალიან რომ აწუხებდა სიქაჩლე. ისე კი, სიქაჩლე რა საძრახისია. განა ცოტაა ხალხი, რომელთაც თმა მუდამ გადაპარსული აქვთ, რომ დავარცხნა აღარ დასჭირდეთ? ან თმების ფერის მიხედვით ვინ აფასებს ხალხს? ჯაკომონს საკუთარი, ლამაზი, მუქი, ხვეული თმები რომ ჰქონოდა, მაინც ისეთივე გაიძვერა იქნებოდა, როგორი გაიძვერაც იყო.

ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯანი როდარი