მესამე საფეხური
» ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში (ნაწყვეტი #4)

ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში (ნაწყვეტი #4)

ბანანიტოს სახლთან უამრავ ხალხს მოეყარა თავი და სიმღერას უსმენდა. ყველა ხმაგაკმენდილი ერთ ადგილას გაშეშებულიყო. ფეხცანცარა ციცუნიამ ხალხში ორი ახალგაზრდა ჩაფარი შენიშნა, რომელთაც სხვა მსმენელებივით სახეზე აღფრთოვანება ეხატებოდათ. ჩაფრებს ჯელსომინოს დაპატიმრების ბრძანება ჰქონდათ მიცემული, მაგრამ ამ ჩაფრებს რაღაც არ ეტყობოდათ, თუ ასეთი განზრახვა ჰქონდათ. სამწუხაროდ, ამ დროს სახლს ჩაფართა ახალი რაზმი უახლოვდებოდა. მათი უფროსი მათრახით იკაფავდა ხალხში გზას. როგორც ეტყობოდა, ცოტა ყურთ აკლდა და ჯელსომინოს სიმღერა მასზე არავითარ გავლენას არ ახდენდა.

ფეხცანცარა ციცუნიამ კიბეები სწრაფად აირბინა და სხვენში ისარივით შევარდა.

— ადექი! ადექი! — დაუყვირა ჯელსომინოს და კუდი ცხვირში შეუღიტინა. — კონცერტი დამთავრდა! პოლიცია მოდის! აბა, ჩქარა, გადავძვრეთ სახურავზე. ნუ გეშინია, შენ მხოლოდ კუდზე ხელი მომკიდე.

— საით წავიდეთ?

— სულ ერთია, ოღონდ ამ ადგილს მოვცილდეთ. ბოლოს სადღაც მაინც მივალთ.

ფეხცანცარა ციცუნია პირველი გადახტა სხვენის ფანჯრიდან სახურავზე. ჯელსომინოს მეტი გზა აღარ ჰქონდა, დახუჭა თვალები, რომ თავბრუ არ დახვეოდა და უკან მიჰყვა.

ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯანი როდარი