მესამე საფეხური
» ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში (ნაწყვეტი #7)

ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში (ნაწყვეტი #7)

იმ საღამოს მხატვარ ბანანიტოს თვალს რული არ ეკარებოდა. მარტოდმარტო იყო თავის სხვენში. ფეხი მოერთხა ტაბურეტზე, საკუთარ ნახატებს შეჰყურებდა და ნაღვლიანად ფიქრობდა: „არა, ტყუილად ვხარჯავ ამდენ ძალ-ღონეს, მაინც არაფერი გამოდის. ჩემს ნახატებს რაღაც აკლია. რომ ვიცოდე, რა აკლია, ნამდვილ შედევრებს შევქმნიდი, მაგრამ არ ვიცი და როგორ მოვიქცე?“

ამ დროს ფეხცანცარა ციცუნია მისი ფანჯრის რაფაზე შეხტა. ის სახლის სახურავზე აფოფხებულიყო. იფიქრა, მასპინძელი ტყუილ-უბრალოდ რაზე შევაწუხო, სჯობია, ფანჯრიდან გადავძვრეო.

- ოჰო, ჯერ არ დაუძინია! - ჩუმად დაიკნავლა ციცუნიამ. - რას ვიზამ, აქ უნდა მოვიცადო. როცა ბანანიტო დაიძინებს, მაშინ ავიღებ ცოტაოდენ საღებავს. ის ვერც გაიგებს. მანამდე კი ნახატებს დავათვალიერებ.

მაგრამ როცა ნახატებს შეხედა, სახტად დარჩა.

„ჩემი აზრით, - გაიფიქრა მან, - ამ ნახატებში ყველაფერი გაზვიადებულია. ამ ცხენს, მაგალითად, ცამეტამდე ფეხი აქვს, მე კი - მხოლოდ სამად-სამი თათი. აბა, ეს სამართალია? აუჰ! იმ კაცს რამდენი ცხვირი აქვს! ერთი... ორი... სამი... სამი ცხვირი! ვთქვათ, გაცივდა, მაშინ ხომ ერთდროულად სამი ცხვირსახოცი დასჭირდება.

ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯანი როდარი