მესამე საფეხური
» ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში (ნაწყვეტი #6)

ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში (ნაწყვეტი #6)

დიდი ხნის წინათ, მანამდე, ვიდრე ჯელსომინო ჩავიდოდა ამ უცხო ქვეყანაში, იქაურობას მეკობრეები დაეპატრონენ. მეკობრეებს მეტად სასტიკი და გაიძვერა ბელადი ჰყავდათ, მეტსახელად ჯაკომონს ეძახდნენ. ჯაკომონი მაღალი, მსხვილ-მსხვილი, ხანში შესული კაცი იყო. სიბერის მოახლოება როცა იგრძნო, გადაწყვიტა, მეკობრეობისთვის თავი გაენებებინა და რაიმე წყნარი საქმისათვის მოეკიდა ხელი.

დაიწყო შესაფერი კუნძულის ძებნა. მაგრამ არც ერთი კუნძული არ მოსწონდა, ყველა ეპატარავებოდა, თუ ღმერთი გაუწყრებოდა და მოეწონებოდა, მაშინ მისი ბიჭები იწუნებდნენ. ერთს კალმახი უყვარდა და ისეთ კუნძულს მოითხოვდა, სადაც აუცილებლად იქნებოდა მდინარე, მეორეს კინო-თეატრი უნდოდა, მესამეს ბანკი, სადაც თავის ნაძარცვ-ნაალაფევს შეინახავდა.

ბოლოს ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ მეკობრეებმა ერთი დიდი სახელმწიფო დაიპყრეს, ამ სახელმწიფოს დედაქალაქში იმდენი ბანკი, კინო და თეატრი იყო, რამდენსაც მოისურვებდი. ქვეყანა სავსე იყო მდინარეებით, მდინარეები სავსე იყო კალმახით. კვირა დღით შეიძლებოდა ამ მდინარეზე ნავებით სეირნობა.

ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯანი როდარი