მესამე საფეხური
» ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში (ნაწყვეტი #3)

ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში (ნაწყვეტი #3)

ერთხელ, დილაადრიანად, ჯელსომინო ხეხილის დასახედად წავიდა. მსხალი უკვე დამწიფებულიყო. მსხალმა ასე იცის, გარედან არაფერი ემჩნევა, ნამდვილად კი თავისთვის, ნელ-ნელა მწიფდება. ერთ მშვენიერ დღეს შეხვალთ ბაღში და ნახავთ, რომ უკვე მწიფს და მოკრეფა აღარ უნდა დაუგვიანო.

„აფსუს,“- გაიფიქრა ჯელსომინომ, - კიბე რომ გამომეყოლებინა, რა კარგი იქნებოდა. გავბრუნდები და წამოვიღებ, თან კავსაც გამოვაყოლებ, თორემ კენწეროებზე ვერ მივწვდები“.

მაგრამ უცებ თავში გაუელვა: „მოდი, ერთი ჩემს ხმას ვცდი, ვნახოთ, რა გამოვა“.

ბევრი აღარ უფიქრია, დადგა ერთი მსხლის ქვეშ, აიხედა მაღლა და ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზულად დაიყვირა:

- მსხლებო, აბა, დაბლა ჩამოცვივდით!

„ტყაპ-ტყუპ! ტყაპ-ტყუპ!“ - სეტყვასავით წამოვიდა მსხალი.

ჯელსომინო ყოველ ხესთან მიდიოდა და შესძახოდა: „აბა, ახლა თქვენც ჩამოცვივდით!“ მსხლებიც თითქოს მის ძახილს ელოდნენ, წყდებოდნენ და ბზრიალ-ტრიალით მოდიოდნენ დაბლა. მთელი ბაღი მსხლებით მოიფინა. ჯელსომინომ სიხარულისგან აღარ იცოდა, რა ექნა.

ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯანი როდარი