მესამე საფეხური
» ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში (ნაწყვეტი #2)

ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში (ნაწყვეტი #2)

ჯელსომინოს მხოლოდ ერთხელ დაავიწყდა სიფრთხილე, ეს ამბავი სტადიონზე, კვირა დღეს, ფეხბურთის გადამწყვეტი მატჩის დროს მოხდა.

ჯელსომინო მაინცდამაინც დიდი გულშემატკივარი არ იყო, მაგრამ თამაშმა თანდათან ისიც გაიტაცა. მისი სოფლის გუნდი შეტევაზე გადადიოდა. (მე ფეხბურთისა არაფერი გამეგება და არც ის ვიცი, „შეტევაზე გადასვლა“ რას ნიშნავს, მაგრამ ჯელსომინომ ასეთი გამოთქმა იხმარა. თქვენ კი, მგონი, გაიგებთ - ალბათ წაუკითხავს არ ტოვებთ სპორტულ გაზეთებს).

- მიდი, მიდი! - ყვიროდნენ ჯელსომინოს თანასოფლელები.

- მიდი! - დაიყვირა ჯელსომინომაც, რაც ძალა და ღონე ჰქონდა.

სწორედ ამ დროს მარჯვენა გარემარბი ცენტრალურ თავდამსხმელს აწვდიდა ბურთს, მაგრამ რაღაც უხილავი ძალის წყალობით ბურთმა შუაგზაზე მიმართულება იცვალა, მეკარეს ფეხებში გაუძვრა და ბადეში გაეხვია!

- არის! - ყვიროდნენ ჯელსომინოს სოფლელები.

ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯანი როდარი