მესამე საფეხური
» ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში (ნაწყვეტი #1)

ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში (ნაწყვეტი #1)

იყო ერთი პატარა ბიჭი ჯელსომინო, თუმცა ტანად სხვა ბიჭებზე პატარა იყო, მაგრამ ისეთი მჭექარე ხმა ჰქონდა, კაცს დააყრუებდა. ეს მისი დაბადებისთანავე გამოირკვა.

იმ ღამეს, როცა ჯელსომინო დაიბადა, მისი თანასოფლელები რაღაც ხმამ გამოაღვიძა. მათ ფაბრიკის საყვირი ეგონათ და ლოგინებიდან წამოცვივდნენ. რის საყვირი, რა საყვირი, ჯერ შუაღამეც არ გადასულიყო. თურმე ნუ იტყვით, სოფელი ჯელსომინოს ტირილმა გამოაღვიძა. ის ყველა სხვა ახალდაბადებული ბავშვივით ხმას ისინჯავდა. საბედნიეროდ, მალე ისწავლა ძილი და დილამდე ტკბილად ეძინა, როგორც სძინავს ყველა წესიერ ადამიანს ჟურნალისტებისა და ღამის ყარაულების გარდა. ახლა ჯელსომინო ტირილს ზუსტად დილის შვიდ საათზე იწყებდა, სწორედ იმ დროს, როცა ხალხს უნდა გაეღვიძა და სამუშაოზე წასულიყო. ფაბრიკის საყვირი აღარავის სჭირდებოდა და მალე უქმად გდებისაგან დაჟანგდა.

ჯელსომინო ექვსი წლისა გახდა თუ არა, სკოლაში მიაბარეს. სიის ამოკითხვისას მასწავლებელი ასო „ჯ“ - მდე მივიდა და მისი სახელიც ამოიკითხა!

- ჯელსომინო!

- აქ ვარ! - მხიარულად უპასუხა ჯელსომინომ.

ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯანი როდარი