მესამე საფეხური
» პინოკიოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #12)

პინოკიოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #12)

როგორც კი თოჯინა დანაყრდა, მაშინვე მოჰყვა ბუზღუნსა და ტირილს, რადგან ერთი წყვილი ახალი ფეხი უნდოდა.

- რატომ უნდა გაგიკეთო ახალი ფეხები?

- გპირდები, რომ დღეიდან დამჯერი ვიქნები... - ქვითინით თქვა თოჯინამ.

-  ყველა ბავშვი ასე ამბობს, როცა რამის მიღება უნდა, - მიუგო ჯეპეტომ.

- გპირდები, რომ სკოლაში წავალ, ვისწავლი და სასახელო გავიზრდები...

ჯეპეტოს, თუმცა კი ტირანის იერი მიეღო, თვალებში მაინც ცრემლი ჩაუდგა და გულიც სიბრალულით აევსო ამ სავალალო მდგომარეობაში ჩავარდნილი მისი საყვარელი პინოკიოს დანახვაზე. ამიტომ სიტყვა არ გაუგრძელებია, მაშინვე დაავლო ხელი იარაღებს,  აიღო კარგად გამხმარი ხის ორი ნაჭერი და გულიანად შეუდგა მუშაობას.

ერთი საათიც არ გასულა, რომ ფეხები უკვე მზად იყო.

მაშინ ჯეპეტომ უთხრა თოჯინას:

- თვალები დახუჭე და დაიძინე.

პინოკიომაც დახუჭა თვალები და თავი მოიმძინარა. და სანამ თოჯინა ასე თავმომძინარებული იყო, ჯეპეტომ კვერცხის ნაჭუჭგარეული ცოტაოდენი წებოთი ისე მოხდენილად მიუწება ორივე ფეხი სათანადო ადგილას, რომ შეერთების კვალიც არ ეტყობოდა.

- ეს დიდი სიკეთე რომ აგინაზღაურო, ახლავე მინდა წავიდე სკოლაში, - უთხრა პინოკიომ მამას.

- ყოჩაღი ბიჭი ხარ!

პინოკიოს თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: კარლო კოლოდი