მესამე საფეხური
» ლოტა აურზაურის ქუჩიდან (ნაწყვეტი #9)

ლოტა აურზაურის ქუჩიდან (ნაწყვეტი #9)

შუა თამაშში ვიყავით, რომ ეზოდან ლოტას ყვირილი შემოგვესმა. გარეთ გავცვივდით და რას ვხედავთ! ლოტას კატისთვის კუდში ჩაუვლია ხელი, გაანჩხლებულ კატას კი გვარიანად ჩამოუკაწრავს.
სამზარეულოს მივაშურეთ, რომ მაიკენისთვის გვეთხოვა, ლოტას ნაკაწრებზე პლასტირი დააკარიო. მაიკენი სამზარეულოში არ დაგვხვდა, სამაგიეროდ, დაგვხვდა აი, რა:
ლოტას ვედროს წყლით ავსების მერე ონკანის დაკეტვა დაჰვიწყებია და ახლა სამზარეულოს იატაკზე ათჯერ მეტი წყალი იდგა, ვიდრე სათამაშო სახლში მაშინ, როცა ლოტა იატაკს ხეხავდა. იუნასმა გუბეში გატოპა და ონკანი გადაკეტა. ზუსტად ამ დროს სამზარეულოში მაიკენი შემოვიდა და გაოცებისგან ტაში შემოჰკრა:
- ვინ დატოვა ონკანი მოშვებული? - იკითხა მაიკენმა.
- მე დავტოვე, - აღიარა ლოტამ.
- მერედა, რატომ? - აღშფოთდა მაიკენი.
- იმიტომ, რომ ონიქსის დღე მაქვს, - თავი მოისაწყლა ლოტამ.
„ონიქსის დღეს“ ლოტა ისეთ დღეებს ეძახის, როცა ყველაფერი უკუღმა გამოსდის.
 
 
 

ლოტა აურზაურის ქუჩიდან

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი