მესამე საფეხური
» სალამურა (ნაწყვეტი #7)

სალამურა (ნაწყვეტი #7)

 შებინდებისას სალამურა მდინარის პირას მაღალ ხეზე აცოცდა. ხის კენწეროდან გადახედა საპყრობილეს, ერთი ვნახოთ, ხელკეტიანი გუშაგები რას აკეთებენო.

ხელკეტიანი გუშაგები სარგადაყლაპულებივით იდგნენ გაჭიმულები. ყოველ მათგანს თავისი საყარაულო ადგილი ჰქონდა მიჩენილი და იმ ადგილიდან ფეხს არ იცვლიდა. ახლა მთავარი იყო, სალამურას ისე ესროლა ქამანდი, რომ ეზოში არავის შეემჩნია.

ქამანდის სროლა კარგად იცოდა. საერთოდ ყველა ნამდვილმა მწყემსმა კარგად იცის ქამანდის სროლა. ჩვენი სალამურაც ხომ ნამდვილი მწყემსი იყო.

მწყემსმა ბიჭუნამ თანაბრად აკრიფა თოკი და მარჯვენა ხელში გადაიტანა, ერთხელ კიდევ გახედა ხელკეტიანებს და, როცა დარწმუნდა, ვერავინ მაჩნევსო, მარჯვენა ხელი მთელი ძალით გაიქნია.

თოკი შხივილით გაიშალა, გველივით დაიკლაკნა.

სალამურამ ზუსტი სროლით მოსდო საკვამლე მილს ქამანდი და თოკი მოჭიმა, მთელი ძალით მოქაჩა და ხის ტოტს გამოაბა. ეს ისე სწრაფად და სხარტად გააკეთა, ქვეყანაზე არავის შეუმჩნევია.

სალამურას მთელი თავისი ძალების დაძაბვა და ოსტატობა დასჭირდა. ადვილი საქმე როდია გადასვლა ისეთ თოკზე, რომელიც კარგად არ არის გაჭიმული. მით უმეტეს, თუ ქვემოთ მდინარე ჩქაფუნობს.

სალამურა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: არჩილ სულაკაური