მესამე საფეხური
» პინოკიოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #2)

პინოკიოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #2)

მართლაც რომ, ზამთრის ჯოჯოხეთური ღამე იყო. ძლიერად, გამაყრუებლად ქუხდა, ისე ელავდა, თითქოს ზეცას ცეცხლი ედებაო, ცივი და ფეთხუმი ქარი კი ბრაზიანად უსტვენდა და მტვრის უშველებელ ღრუბლებს მიაქანებდა.
პინოკიოს ძალიან ეშინოდა ქუხილისა და ელვისა, მაგრამ შიმშილი შიშზე ძლიერი ყოფილა: სწორედ ამის გამო მიხურა სახლის კარი, მერე კი ნავარდით გაკურცხლა და ასიოდე ნახტომის შემდეგ, მონადირე ძაღლივით ენაგადმოგდებულმა და აქოშინებულმა, მიაღწია სოფელს.
იქ ყველაფერი ბნელი და უკაცრიელი დახვდა. დუქნები დაეკეტათ. სახლების კარები და ფანჯრებიც ჩაერაზათ; ქუჩაში ძაღლიც კი არ ჩანდა.
შინ ბატის ჭუკივით გაწუწული და დაღლილობისა და შიმშილისაგან ისეთი მისავათებული დაბრუნდა, რომ ფეხზე დგომის თავი აღარ ჰქონდა. ამიტომ დაჯდა და ტალახში ამოგანგლული ფეხები გავარვარებული ნაღვერდლით სავსე ქურაზე შემოაწყო.
ასე ჩაეძინა. ამასობაში კი ხისგან გამოთლილ ფეხებს ალი მოედო და ნელ-ნელა ჯერ ნახშირად, მერე კი ნაცრად ექცა.
პინოკიო კი არხეინად ხვრინვას განაგრძობდა, თითქოს ფეხები ვიღაც სხვისა ყოფილიყო. ბოლოს და ბოლოს, გამთენიისას გამოეღვიძა, რადგან კარზე დააკაკუნეს.
- ვინ არის? - მთქნარებით იკითხა და თვალები მოიფშვნიტა.
- მე ვარ, - უპასუხა ხმამ.
ხმა კი ჯეპეტოსი იყო.

პინოკიოს თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: კარლო კოლოდი