მესამე საფეხური
» მაწანწალა რასმუსი (ნაწყვეტი #9)

მაწანწალა რასმუსი (ნაწყვეტი #9)

რასმუსმა ოთახი მოათვალიერა. იატაკზე ქათმები ბატონკაცურად დასეირნობდნენ. ხარახურით გაჭედილი ოთახი ღარიბული იყო და ჭუჭყიანი, მაგრამ მაინც რა დიდი ბედნიერებაა ამ სახლში ყოფნა. როგორი სიმყუდროვე სუფევდა ოთახში: ცეცხლზე სამფეხა ყავადანი თუხთუხებდა, კერიასთან ოსკარი იჯდა და ოხუნჯობდა.

ჩიორა-სარამ რასმუსს ყავა დაუსხა ცისფერ ყურმოტეხილ ფინჯანში. შემდეგ დანა აიღო და ჭვავის პურის დიდი ნაჭერი მოუჭრა.

- მეორედ რომ მოხვალ, კარაქს მაშინ მოგცემ. ახლა არა მაქვს.

რასმუსმა პურის ნაჭერი აიღო. პურის ცომი თითებზე მიეკრა და აშკარად გამოჩნდა მუქი ზოლი, გამოუცხობელმა პურმა რომ იცის ხოლმე, მაგრამ რასმუსს უყვარდა უმი პური და ამისათვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია. პური ყავაში ჩააწო და პირში გაიქანა. ძალიან ეგემრიელა.

მაწანწალა რასმუსი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი