მესამე საფეხური
» მაწანწალა რასმუსი (ნაწყვეტი #6)

მაწანწალა რასმუსი (ნაწყვეტი #6)

თავისი აღმოჩენით აღტაცებული რასმუსი ოსკარს კუნტრუშით მიჰყვებოდა. თავს უკვე ნამდვილ მაწანწალად გრძნობდა და ქვეყანას მაწანწალის თვალით უყურებდა. გასცქეროდა გზას, შორეთში რომ მიიკლაკნებოდა და ყოველი მოსახვევი ახალ საიდუმლოს ჰპირდებოდა; მწვანე მდელოებს, სადაც მშვიდად ძოვდნენ ძროხები; ხუტორელთა წითელ სახლებს, რომელთა მახლობლად ნამძინარევი მსახურები რძის ბიდონებს რეცხავდნენ, ცხენებისთვის წყალს ვარცლში ტუმბავდნენ. სახლებიდან ბავშვების ტირილის ხმა ისმოდა, ძაღლები ყეფდნენ და ცდილობდნენ, ჯაჭვი გაეწყვიტათ. იალაღებს მონატრებული ძროხები ბოსლებში ბღაოდნენ. რასმუსი ყველაფერს ისე უყურებდა და უსმენდა, როგორც უყურებენ და უსმენენ მაწანწალები.

მის გვერდით მარშით მიაბიჯებდა ოსკარი, თან თავისთვის მხიარულად რაღაცას მიღიღინებდა. უცებ გზიდან გადაუხვია და მზიან კორდზე, ღვიის მაღალ ბუჩქთან, გაჩერდა.

- აი, აქ შეგიძლია წაიძინო, - თქვა მან, - აქ სიწყნარე და მყუდროებაა, და ვერც გზიდან დაგინახავს ვინმე. 

რასმუსი ბალახზე წამოგორდა.

მაწანწალა რასმუსი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი