მესამე საფეხური
» მაწანწალა რასმუსი (ნაწყვეტი #4)

მაწანწალა რასმუსი (ნაწყვეტი #4)

ბიჭი საწოლიდან ფრთხილად გამოძვრა და უჩუმრად ჩაიცვა ტანისამოსი. გული უცნაურად უცემდა, არც ფეხები ემორჩილებოდა; ალბათ, არ უნდოდა გაქცევა, რახან ასე უკანკალებდა.

რასმუსმა შარვლის ჯიბეში ჩაიყო ხელი და ნიჟარა და ფული მოისინჯა. ცხადია, ხუთი ერე არც ისე დიდი ფულია დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყებად, მაგრამ შიმშილით სიკვდილისაგან კი იხსნის. ორ ფუნთუშასა და ერთ ჭიქა რძეს ნამდვილად იყიდის თავისი ხუთი ერეთი. ნიჟარას კი, ამ ლამაზ ნიჟარას, რომლის ყურება და ხელით შეხება უბრალოდ სიამოვნებს, გუნარს დაუტოვებს. დაე, გუნარს ჰქონდეს თავისი სამუდამოდ დაკარგული ბავშვობის მეგობრის მოსაგონებლად. დილით როცა გაიღვიძებს, რასმუსის ნაცვლად მის საწოლზე დახვდება ძალიან, ძალიან ლამაზი ნიჟარა.

რასმუსმა ყელში მობჯენილი ბურთი გადაყლაპა და ნიჟარა საწოლის კიდეზე დადო.

მაწანწალა რასმუსი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი