მესამე საფეხური
» პინოკიოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #10)

პინოკიოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #10)

იარეს, იარეს, იარეს და, ბოლოს და ბოლოს, შეღამებისას, დაღლილ-დაქანცულნი მიადგნენ „წითელი კიბორჩხალას“ დუქანს.

- ცოტა ხანი აქ გავჩერდეთ, - თქვა მელამ, - თითო ლუკმა შევჭამოთ და რამდენიმე საათს დავისვენოთ. შუაღამისას განვაგრძობთ გზას, რომ ხვალ, განთიადისას, სასწაულების მდელოზე ვიყოთ.

დუქანში შესულნი მაგიდას მიუსხდნენ, მაგრამ სამთაგან არც ერთს არ ჰქონდა მადა.

საბრალო კატას კუჭის მძიმე დაავადება სჭირდა, ამიტომაც ვერაფერი შეჭამა, გარდა პომიდვრის საწებლით შეკმაზული ოცდათხუთმეტი ბარაბულისა.

მელაც დიდი სიამოვნებით მოციცქნიდა რამეს, მაგრამ ექიმს მისთვის მკაცრი დიეტა დაენიშნა, ამიტომაც უნდა დაკმაყოფილებულიყო უბრალო, თუმც კი ნაზი და გვარიანად შებრაწული კურდღლით, ზედაც ვარიებისა და ნორჩი ყვინჩილების მსუბუქი გარნირი დაეყოლებინა.

პინოკიომ სხვებზე ნაკლები შეჭამა. მხოლოდ კაკლის ერთი ლებანი და პურის ყუა მოითხოვა, თუმცა ყველაფერი ხელუხლებელი დატოვა თეფშზე. საბრალო ბიჭი ფიქრით სულ სასწაულების მდელოს დასტრიალებდა.

ნავახშმევს მელამ უთხრა მედუქნეს:

- მოგვეცით ორი კარგი ოთახი.

როგორც კი პინოკიო ლოგინში ჩაწვა, მაშინვე ჩაეძინა და სიზმარიც იხილა. დაესიზმრა, თითქოს მდელოს შუაგულში იდგა, მდელოზე კი მტევნებით დახუნძლული ხეები იზრდებოდა, ეს მტევნებიც სულ მთლად ოქროს მონეტებისა იყო - ნიავზე ირხეოდნენ და წკრიალებდნენ.

პინოკიოს თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: კარლო კოლოდი