მესამე საფეხური
» სალამურა (ნაწყვეტი #6)

სალამურა (ნაწყვეტი #6)

დაჰკა-დაჰკამ სალამურა სამჭედლოში მიიყვანა. გზაში ერთმანეთი გაიცნეს.

მჭედელმა უკვე იცოდა, რომ სალამურა ჭიამაიების მწყემსი იყო და ქონდარეთში ბაიას საძებნელად იყო ჩამოსული. იცოდა, აქ ჩამოსვლამდე რა გადახდა თავს, როგორი ტანჯვა-წვალება გამოიარა. თუმცა ისიც კი უთხრა: ზოგი ჭირი მარგებელია, მოკრივე მიდი მოადე რომ არ შეგხვედროდა, ქარბორბალას ასე ადვილად ვერ დაამარცხებდიო.

სალამურამაც გაიცნო მჭედელი. შეიტყო, რომ დაჰკა-დაჰკა ქონდარეთში მოქანდაკის მოვალეობასაც ასრულებდა და ქალაქის მოედანზე დადგმული თუნუქის მილები, რომელსაც რატომღაც ქონდარ მეთხუთმეტის ქანდაკებას უწოდებდნენ, მჭედლის ნახელავი იყო.

ამ საუბრის შემდეგ მჭედელმა დაჰკა-დაჰკამ მოიწყინა, მწარედ ჩაფიქრდა.

- თუ არ დავიმალებით, ცუდად წაგვივა საქმე, ჩემო სალამურა, - უთხრა მან სალამურას, - ამ საღამოს ხელკეტიანები მოვლენ და დაგვიჭერენ.

- რატომ მოვლენ, ხელკეტიანებისათვის ხომ არაფერი დაგვიშავებია?

- ისინი ხელმწიფესა და ხელმწიფის კარისკაცებს იცავენ. თუ მათ ვინმემ რაიმე დაუშავა, მაშინვე აღმართავენ ხელკეტებს, დამნაშავეებს დააპატიმრებენ.

სალამურა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: არჩილ სულაკაური