მესამე საფეხური
» სალამურა (ნაწყვეტი #5)

სალამურა (ნაწყვეტი #5)

მჭედელმა კარადიდან პური და ყველი გამოიღო და ხურჯინში ჩაალაგა. მერე სამჭედლოში იბორიალა ერთხანს, ქვაბებსა და კოვზებს რახარუხი აუტეხა. ხურჯინში კიდევ პატარა ქვაბი, ერთი დანა და ორი კოვზიც ჩააწყო. სალამურას სულაც არ უნდოდა ახლა გაქცევაზე და დამალვაზე ეფიქრა. რა დროს დამალვაა, როცა ბაიას საძებრადაა ჩამოსული?! რადაც არ უნდა დაუჯდეს, საბრალო ბაია უნდა ნახოს და ციცინათელების ქვეყანას დაუბრუნოს.

სანამ სალამურა ამას ფიქრობდა, დაჰკა-დაჰკამ ხურჯინი სანოვაგითა და საჭირო ნივთებით გამოტენა და მხარზე მოიგდო.

-  აბა, წავიდეთ, ძმაო! - უთხრა სალამურას.
მწყემსი ბიჭუნა შეყოყმანდა.
მჭედელი დაჰკა-დაჰკა მიხვდა, რატომაც ითრევდა ფეხს სალამურა და გაეღიმა.
- ნუ გეშინია, სალამურა, ჩვენ ქონდარეთთან კავშირს არ გავწყვეტთ. ბაია თუ ქონდარეთშია, უსათუოდ მოვნახავთ. მე თვითონ მოგეხმარები. ახლა კი აუცილებლად უნდა დავიმალოთ, თორემ თუ დაგვიჭირეს, მერე ბაიაზე ფიქრიც კი ზედმეტი იქნება.
მჭედელი დაჰკა-დაჰკა დამაჯერებლად ლაპარაკობდა და სალამურასაც ჭკუაში დაუჯდა მისი რჩევა.
სამჭედლოს კარი დაკეტეს და გზას გაუდგნენ.

სალამურა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: არჩილ სულაკაური