მესამე საფეხური
» ბულერბიელი ბავშვები (ნაწყვეტი #6)

ბულერბიელი ბავშვები (ნაწყვეტი #6)

ბულერბის მახლობლად ერთი ხარაზი ცხოვრობს. ავი კაცია, სიკეთისა არაფერი სცხია. ისეთი უპიროა, თუნდაც დაგპირდეს, მაინც არ შეგიკეთებს დროზე ფეხსაცმელს. აგდა ამბობს, ლოთია და იმიტომო. წინათ ელვა მასთან ცხოვრობდა. ხარაზი ცუდად ექცეოდა და ისიც ყველაზე ავი ძაღლი იყო მთელ ოლქში, ყოველთვის ჯაჭვით დაბმული, ვინმეს თვალს მოჰკრავდა თუ არა, ღრენა-ყეფით გამოუვარდებოდა ხოლმე.

ყველას გვეშინოდა ელვასი და ძაღლის ხუხულას ახლოს არ ვეკარებოდით. მარტო ძაღლის კი არა, ხარაზისაც გვეშინოდა. პირქუში და მოღუშული კაცია და სულ იმას ამბობდა, ბავშვებს ყოველდღე უნდა სცემოო. ელვასაც ხშირად ურტყამდა, თუმცა ელვა ძაღლი იყო და არა ბავშვი.

ალბათ ფიქრობდა, ცემა ძაღლსაც ყოველდღე სჭირდებაო. დათვრებოდა და მისთვის ლუკმის გადაგდებაც ავიწყდებოდა.

სანამ ხარაზთან ცხოვრობდა, ელვა საშინლად ბრაზიანი და უშნო გვეგონა. ისეთი ჭუჭყიანი, აბურძგნილი და საზარელი იყო ყოველთვის. ახლა კი პირიქით - ლამაზი და კეთილია, კეთილი კი ჩვენი ულეს წყალობით გახდა. თვითონ ულეც ხომ ძალიან კეთილია.

ბულერბიელი ბავშვები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი