მესამე საფეხური
» სალამურა (ნაწყვეტი #1)

სალამურა (ნაწყვეტი #1)

ქონდარეთი ერთ მშვენიერ დღეს საოცრად გამოფხიზლდა. ყველა, დიდი თუ პატარა, უკლებლივ ფეხბურთის მოედნისაკენ მიეშრებოდნენ. ყოველი მათგანი უცნაური სანახაობის მომსწრე უნდა გამხდარიყო. უნდა ენახა უცხოელი ჯამბაზი, რომელიც თოკზე გადიოდა, თოკზევე გადადიოდა ოთხმაგ მალაყს და თანაც სალამურს უკრავდა.

ასეთი რამ ჯერ ქონდარელებს არ ენახათ.

ქალაქში გაკრულმა აფიშებმა ქონდარეთს ამცნო, რომ მაღრიბთა ქვეყნიდან ჩამოვიდა მთელ მსოფლიოში ცნობილი თოკზე მოსიარულე ჯამბაზი ჩალამურა. სინამდვილეში კი არავითარი მაღრიბელი ჯამბაზი არ ჩამოსულა. ჩალამურა იგივე სალამურა იყო. ოღონდ წინა ასო „ს“ შეცვალა „ჩ“-თი, რომ თავისი სახელისათვის უფრო სხვანაირი ჟღერადობა მიეცა.

რატომ გადაწყვიტა სალამურამ, ქონდარეთისათვის ეჩვენებინა ეს სანახაობა?

სალამურა ღამღამობით პატარა კუნძულიდან ქონდარეთში გადადიოდა. ხელმწიფის სასახლეს აუვლიდა და ჩაუვლიდა, სალამურზე ღამის სიმღერას აკვნესებდა.

მწყემსმა ბიჭუნამ უკვე იცოდა, რომ ბაია ღამის შიკრიკებს უფლისწულის გასართობად მიეყვანათ სასახლეში. ციცინათელების მწყემსი გოგონა იქ ეგულებოდა და ამიტომაც მიდიოდა თითქმის ყოველღამე სასახლესთან, იქნებ როგორმე გავაგონო სალამურის ხმა და მივახვედრო, რომ ქონდარეთში მის წასაყვანად ჩამოვედიო.

სალამურა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: არჩილ სულაკაური