მეშვიდე საფეხური
» პლანეტა დედამიწა (ნაწყვეტი #27)

პლანეტა დედამიწა (ნაწყვეტი #27)

ცხოველები დედამიწის ყველაზე ცივ და ცხელ ადგილებშიც ბინადრობენ. დედამიწის ყველაზე ცივი ჰაბიტატები პოლუსებთან არის, სადაც ზაფხული ძალიან მოკლეა. ასეთ ადგილებში ძირითადად თბილსისხლიანი ცხოველები ბინადრობენ. თუმცა, მათ შორის გვხვდება რამდენიმე ცივსისხლიანიც, რომლებმაც დროთა განმავლობაში ევოლუციისას ისწავლეს სიცივესთან შეგუება. ზოგი მწერი სიცივეში „იყინება“, გაზაფხულის დადგომისთანავე კი აგრძელებს სიცოცხლეს.

დიდი ზომის ცხოველები ორგანიზმიდან სითბოს გაცილებით ნელა კარგავენ. ამიტომ ცივ ადგილებში მობინადრე ცხოველები უფრო დიდტანიანები არიან, ვიდრე თბილ ადგილებში მობინადრე მათი მონათესავე ცხოველი. პოლარულ ცხოველებს მოკლე ფეხები, პატარა ყურები და კუდი აქვთ, რაც ასევე ამცირებს სხეულის სითბოს დაკარგვას. მაგ.,  დედამიწის უდიდესი ირემი-ლოსი შორეულ ჩრდილოეთში ცხოვრობს. იქვე ბინადრობს უდიდესი თხა და შავარდენი.

პოლარული თეთრი დათვი თავისი ბრტყელი თათების წყალობით თოვლში არ ეფლობა და კარგად ცურავს. თეთრი ბეწვი დათვს თოვლში დამალვას უადვილებს. ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში აისბერგების სიახლოვეს თეთრი ვეშაპები დაცურავენ. თეთრი ფერის გამო ის ძნელი შესამჩნევია მოტივტივე აისბერგებს შორის და მკვლელ ვეშაპებსა და თეთრ დათვებს ამგვარად ემალება. მას მეტსახელად ზღვის იადონს ეძახიან, რადგან სხვა ცხოველებთან ურთიერთობისას სტვენს და ჭიკჭიკებს.

ხმელეთის ერთი მეხუთედი ძალიან მშრალია - წელიწადში 250 მმ-ზე ნაკლები წვიმა მოდის. ასეთი რეგიონები უდაბნოებია. ზოგი უდაბნო, მაგ., საჰარა ძალიან ცხელია, ზოგი კი - ცივი, მაგ., გობი ცენტრალურ აფრიკაში. იქ მობინადრე ცხოველები ღამით მკვეთრად დაცემულ ტემპერატურასაც უმკლავდებიან და დიდი ხნის განმავლობაში ძლებენ საჭმლისა და წყლის გარეშე. მაგ., ცენტრალური აზიის მკვიდრი ორკუზიანი აქლემი უწყლოდ 10 დღე სძლებს.

სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მტაცებელი, ობობა მზის ფალანგაც უდაბნოში ბინადრობს. მისი სხეულის სიგრძე 15 სანტიმეტრს აღწევს. აქედან ერთი მეოთხედი მარწუხის ფორმის პირია. მზის ფალანგა ხოჭოებსა და სხვა მწერებს იჭერს. ზოგჯერ ის უდაბნოს თაგვებზეც ნადირობს.

ბაყაყებისთვის ტენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, თუ უდაბნოში უწევთ ცხოვრება. ავსტრალიური უდაბნოს გომბეშო მიწაში ორმოს თხრის, შიგ წვება და საკუთარი ლორწოს პარკში ეხვევა. პარკი თანდათან მყრალდება და წყალგაუმტარ ბარიერს ქმნის, რაც გომბეშოს სხეულს გამოშრობისგან იცავს. ეს გომბეშო მთელ დღეებს ორმოში ატარებს, სანამ ისევ არ გაწვიმდება და ჰაერი არ დატენიანდება.

ველური ბუნების ბინადრები მუდმივად იბრძვიან გადარჩენისთვის. მტაცებლებმა მსხვერპლი უნდა მოინადირონ, თავად მსხვერპლი კი ყოველთვის მზად უნდა იყოს თავდასხმისთვის. ადამიანის საქმიანობაც დიდ გავლენას ახდენს გარემოზე, რასაც შედეგად ცხოველების საცხოვრებელი პირობების გაუარესება მოჰყვება. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ფლორაზე და ფაუნაზე და ამით საკუთარ თავს დავეხმაროთ.  

 

 

 

პლანეტა დედამიწა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: