ილუსტრირებული ზღაპრები ბავშვებისათვის (ნაწყვეტი #3)
ერთ ქალს სულითა და გულით სურდა, ქალიშვილი ჰყოლოდა, მაგრამ ისეთი პაწია ქოხი ჰქონდა, რომ ჩვეულებრივი ზომის ბავშვს, აბა, როგორ დაიტევდა?!
„პაწაწინა უნდა იყოს, - ფიქრობდა ხოლმე ქალი, - სულ მთლად ნამცეცა“.
ბევრი იფიქრა, სად ვიშოვო ასეთი პატარა ბავშვიო, მაგრამ რომ ვერაფერი მოიფიქრა, ადგა, შორიახლო მცხოვრებ გრძნეულს მიაკითხა და თავისი გასაჭირი უამბო.
- ადვილი საქმეა, - უთხრა გრძნეულმა. მერე საკუჭნაოში იფათურა და ერთი ციცქნა თესლი გამოუტანა.
- წაიღე, - უთხრა ქალს, - ყვავილის ქოთანში ჩარგე და ნახავ, რაც მოხდება.