ძმები გრიმების ილუსტრირებული ზღაპრები (ნაწყვეტი #4)
ერთ დღესაც, უდაბნოსპირა ქალაქის ბაზარში შესულმა უფლისწულმა, ხალხის ზუზუნში ნაცნობი ხმა გაარჩია და სიხარულით გული აუფართხალდა.
- რაპუნცელ! - შესძახა მთელი ხმით. ამის გაგონებაზე ერთმა ოქროსთმიანმა ასულმა მოიხედა. მართლაც რაპუნცელი იყო.
იგი სულმოუთქმელად გაექანა უფლისწულისკენ და გულში ჩაეკრა.
- თვალზე რა დაგმართნია. შე საბრალოვ, - წაიჩურჩულა და ორივე თვალი დაუკოცნა. ლოყებზე ცრემლი გადმოედინა და უფლისწულს თვალებში ჩაეღვარა. უფლისწულმა თვალები აახამხამა და ცრემლებით დანისლული მზერით რაპუნცელი დაინახა. თვალისჩინი მისმა გულწრფელმა ცრემლმა დაუბრუნა.