ძმები გრიმების ილუსტრირებული ზღაპრები (ნაწყვეტი #3)
გავიდა წლები. რაპუნცელი ლამაზი ქალიშვილი დადგა, თუმცა თმა გამორჩეულად ლამაზი ჰქონდა: ოქროსფერი დალალები მზესავით უბრწყინავდა და უსწრაფესად ეზრდებოდა: ჯერ მხრებზე ეყარა, მერე წელზე სცემდა, მერე კოჭები დაუფარა.
კოჭებსაც რომ გასცდა, რაღას იზამდა რაპუნცელი: ნაწნავი თავზე შემოიხვია, რომ თმა ფეხებში არ გაჰბლანდვოდა.
„ეს გოგო მეტისმეტად გალამაზდა, - გაიფიქრა ერთ დღეს კუდიანმა, როცა იატაკის ხეხვაში გართულ რაპუნცელს დააკვირდა, - თუ სიფრთხილე არ გამოვიჩინე, მოვა ვინმე თვალტანადი ყმაწვილი, შეიყვარებს და მოახლე აღარ მეყოლება.“
ადგა და რაპუნცელი უღრან ტყეში მდგარ მაღალ კოშკში გამოკეტა.