საბავშვო ლიტერატურის საგანძური (ნაწყვეტი #3)
პატარაობისას თევზაობა ძლიერ მიყვარდა. ჩვენი სოფლის არემარეც ხელს მიწყობდა. თვითონ შუაგულ სოფელში რამდენიმე ვეებერთელა წყარო მოჩუხჩუხებდა მიწიდან. სოფლის გარშემო ადგილები ხომ სულ სავსე იყო ცივ-ცივი წყაროებით. წყაროების სათავეები დაჩრდილული იყო ირგვლივ ჩარგული ნერგებითა და ზაფხულში იქ საამური სიგრილე ტრიალებდა. ამ ჩრდილში დასვენება, ყინულივით ცივი წყლით წყურვილის მოკვლა ზაფხულის პაპანაქებაში ნეტარება იყო.