ზოოპარკის ბინადართა თავგადასავლები (ნაწყვეტი #11)
ამასობაში ცხელი ზაფხულიც დადგა. სპილოებს მოუსვენრობა დაეტყოთ, უწყლოდ გაუჭირდათ - იდგნენ და მოწყენილები გაჰყურებდნენ წყლით სავსე აუზს. ერთ-ერთ მათგანს, ეტყობა, მოთმინების ძაფი გაუწყდა და აუზთან მივიდა, წყალში ჯერ ერთი ფეხი ჩაყო ფრთხილად და გაიტრუნა. მერე მეორე ფეხით წაიწია წინ და ასე ნელ-ნელა შევიდა სიღრმეში.
როცა საფრთხე ვერ იგრძნო და შიშმაც გაუარა, წვრილი ხმით გასძახა თანამოძმეებს, რომლებიც აუზის პირას ჩამწკრივებულიყვნენ და ცნობისმოყვარეობით აკვირდებოდნენ მეგობარს, არხეინად რომ ნებივრობდა თბილ წყალში.