ზოოპარკის ბინადართა თავგადასავლები (ნაწყვეტი #4)
ძაღლი ნელ-ნელა შეეჩვია თავის მრისხანე მეზობელს, სულ ახლოს მიდიოდა ნადირთა მეფის გალიასთან, კუდს უქიცინებდა, თითქოს სათამაშოდ იწვევდა. ლომთან ლეკვის ასეთი სიახლოვე მხედველობიდან არ გამორჩენიათ ზოოპარკის თანამშრომლებს.
- მოდით, ბროლია ლომთან შევუშვათ, ვნახოთ, რა მოხდება, - თქვა ერთმა.
- ისევე დაგლეჯს, როგორც ამასწინათ კატა დაგლიჯა, - უპასუხა მეორემ.
- დიდი ხანია, ვამჩნევ, რომ ბროლია ლომის გალიასთან ჩერდება და გატაცებით აკვირდება თავის მეზობელს, ლომიც ალერსიანი თვალებით უყურებს პატარა ცხოველს, - საუბარში ჩაერია მესამე.