ზოოპარკის ბინადართა თავგადასავლები (ნაწყვეტი #1)
ლეკვს თვალები მუდამ ჭიშკრისკენ გაურბოდა, ქუჩის ხმაური იზიდავდა, გარესამყაროს გაცნობა აინტერესებდა, მაგრამ ეზოდან არავინ უშვებდა; ჯერ ისევ პატარა იყო - სამიოდე თვისა. თავის თანატოლ და-ძმასთან თამაშით გულს რომ იჯერებდა, ისევ ჭიშკართან მიცუნცულდებოდა, ჩაცუცქდებოდა და ღრიჭოდან გარეთ იყურებოდა.
ერთ დღეს ოცნება აუხდა - მეზობლის ქალს ჭიშკარი ღია დარჩა. ლეკვი მაშინვე ქუჩაში გავარდა, გზას გახედა, მიწა დაყნოსა და მოკურცხლა. მირბოდა და თან აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს. ამდენ ხალხს არასოდეს შეხვედრია, არც ამდენი გუგუნით მორბენალი სხვადასხვა ფერისა და ზომის ,,საგანი“ ენახა. ქუჩაზე გადასვლისას რამდენჯერმე კინაღამ მანქანას შეუვარდა ბორბლებქვეშ.