მოთხრობები (ნაწყვეტი #7)
მხოლოდ ერთი პატარა გოგონა იდგა უძრავად ჩვენი ქუჩის დასაწყისში, სკვერთან. ჯიბეში ჩაყოფილ მარჯვენა ხელზე წითელი ჩანთა ეკიდა, შიგ ორი პური ედო, ოდნავ ჩახრილიყო და გაფაციცებული იყურებოდა სკვერში. ნეტავ რას უყურებს-მეთქი, ნაბიჯი შევანელე. გავჩერდი, მუხლებშიც ჩავიხარე. ვერცხლისფერი ნაძვის ქვეშ, სველ მიწაზე, ლამაზი ჭრელი სკვინჩა იჯდა და პურის ნატეხს ძიძგნიდა. გოგონამ შემამჩნია, მეც რომ სკვინჩას ვუყურებდი, და მითხრა:
- ცალფეხაა.
- როგორ ცალფეხა?!
- ცალი ფეხი არა აქვს.
მე გამეღიმა.
- არა, პატარავ, სკვინჩას სცივა.