ბიძია რიმუსის ზღაპრები (ნაწყვეტი #6)
უცბად შემოესმა, რომ გზაზე ვიღაც მოდიოდა: თურმე დათვი ბრუნდებოდა ტყიდან - თაფლის საძებნელად ყოფილიყო წასული.
კურდღელმა გასძახა:
- როგორ ხარ, ძმობილო დათუნიაო?
დათვმა მიიხედ-მოიხედა, მაგრამ გარშემო არავინ იყო. კიდევ მიიხედ-მოიხედა და დაინახა, რომ კურდღელი ჰკიდია ტოტზე.
- გამარჯობა, ძმობილო! შენ როგორღა ხარო?
- ისე, არა მიშავს. გმადლობ, ძმობილოო, - უთხრა კურდღელმა.
- მანდ რას აკეთებო? - ეკითხება დათვი.
- ფულს ვშოულობ, ძმობილოო.
- როგორ შოულობ, ძმობილო კურდღელოო?
- საფრთხობელად დავუდექ ძამია მელიას. ცერცვის კვლებიდან ყვავებს ვაფრთხობ. შენ კი არ გინდა, ფული იშოვო, ძმობილოო?
- როგორ არ მინდა, ძმობილო კურდღელო! დიდი ოჯახი მაქვს, მიჭირს გამოკვებაო!